ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი აწარმოებს მოლაპარაკებებს მეტი ბირთვული იარაღის განთავსებაზე რუსეთისა და ჩინეთის მზარდი საფრთხის ფონზე.
ამის შესახებ მან The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ბლოკმა უნდა აჩვენოს თავისი ბირთვული არსენალი მსოფლიოს, რათა პირდაპირი გზავნილი გაუგზავნოს მტრებს.
მისი თქმით, ალიანსის წევრებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები საცავიდან რაკეტების გამოტანისა და მათი, როგორც შეკავების საშუალების, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ.
"მე არ განვიხილავ ოპერაციულ დეტალებს იმის შესახებ, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რამდენი უნდა იყოს შესანახული, მაგრამ ამ საკითხებზე კონსულტაციები უნდა გვქონდეს. და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ," - განაცხადა მან.
სტოლტენბერგმა თქვა, რომ ბირთვული გამჭვირვალობა უნდა იყოს ნატო-ს ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი, რათა მოემზადოს ალიანსი უფრო საშიში სამყაროსთვის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 10 წლის წინ, როდესაც სტოლტენბერგი ბლოკს სათავეში ჩაუდგა, ბირთვული წვრთნები სრულიად საიდუმლოდ ტარდებოდა.
ის ახლა ღიად აფასებს 32 მოკავშირეს შეკავებაში შეტანილი წვლილისთვის, მათ შორის ნიდერლანდებს ბოლო ინვესტიციისთვის ორმაგი დანშნულების გამანადგურებელ თვითმფრინავებში, რომლებსაც შეუძლიათ ამერიკული ბირთვული იარაღის ტარება.
„ნატო-ს მიზანი, რა თქმა უნდა, არის სამყარო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ ვიდრე ბირთვული იარაღი იარსებებს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან სამყარო, რომელშიც რუსეთს, ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას აქვს ბირთვული იარაღი და ნატო-ს არა, უფრო საშიშია." - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან განაცხადა, რომ ჩინეთი განსაკუთრებით დიდ ინვესტიციებს ახორციელებს მოწინავე იარაღში, მათ შორის ბირთვულ არსენალში, რომელიც, მისი თქმით, 2030 წლისთვის 1000 ქობინამდე გაიზრდება.
"ეს კი ნიშნავს, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში ნატო შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი რამის წინაშე, რასაც აქამდე არასდროს შეხვედრია, კერძოდ, ორი ატომური შეიარაღებულ პოტენციური მოწინააღმდეგის - ჩინეთის და რუსეთის წინაშე. რა თქმა უნდა, ამას ექნება შედეგები," - განაცხადა სტოლტენბერგმა.