აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, დეტროიტში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე გააკრიტიკა უკრაინის მხარდაჭერის მასშტაბები და განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მაშინვე ამ საკითხს მოაგვარებს.
თავის გამოსვლაში ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინის დახმარება, რომლის მოთხოვნები „არასდროს სრულდება“.
"ზელენსკი შესაძლოა, საუკეთესო გაყიდვების აგენტია ყველა პოლიტიკოსს შორის, რომლებსაც ოდესმე უარსებიათ, ყოველ ჯერზე, როდესაც ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში, აქედან 60 მილიარდი დოლარით ბრუნდება", - თქვა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, მას ზელენსკი მოსწონს კიდეც, განსაკუთრებით იმის გამო, თუ როგორ გაუმკლავდა ზელენსკი ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პირველ მცდელობასთან დაკავშირებულ სკანდალს, როდესაც განაცხადა, რომ პრეზიდენტი მას არ დამუქრებია.
”ის ახლახან, ოთხი დღის წინ, 60 მილიარდით წავიდა. ის მიდის სახლში და აცხადებს, რომ მას სჭირდება კიდევ 60 მილიარდი. და ეს არასდროს სრულდება. მე მოვაგვარებ ამ საკითხს თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ზელენსკი ბოლოს შეერთებულ შტატებში 2023 წლის დეკემბერში იმყოფებოდა და არა „ოთხი დღის წინ“ და უკრაინის მხარდაჭერისთვის 61 მილიარდი დოლარი მხოლოდ ერთხელ იქნა შეთანხმებული - როგორც უფრო ფართო ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების კანონპროექტი, რომელიც შეჩერებული იყო კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში.