სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფი" და ჰიპერმარკეტი "გუდვილი" საგანგებოდ მზრუნვლობამოკლებული ბავშვებისათვის გრანდიოზულ, 400-კილოგრამიან, 5 მეტრის სიგრძის საშობაო ტორტს გამოაცხობენ.
7 იანვარს, 12:00 საათზე, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" ნაძვისხესთან, გრანდიოზულ საკონდიტრო ნაწარმს ექვსი მზრუნველობამოკლებული ბავშვთა სახლის 150 აღსაზრდელი დააგემოვნებს. ტორტის ზედაპირი მთლიანად ზღაპრების თემატიკის მიხედვით იქნება მორთული, საშობაო გაფორმებით, ქოხებით, მულტფილმების პერსონაჟებით. საზეიმო ტორტთან ერთად პატარებს საგანგებოდ მათთვის მომზადებული გასართობი პროგრამა და სანტა კლაუსიც ელით. ბავშვებს საყვარელი ზღაპრის პერსონაჟებთან ერთად პროფესიონალი ანიმატორები გაართობენ.
"ასეთი ზომის საკონდიტრო ნაწარმი საქართველოში ჯერ არ შექმნილა და იგი ჩვენი კომპანიისგან მზრუნველობამოკლებული ბავშვების საშობაო საჩუქარია. ბავშვები წყნეთიდან, კოჯრიდან, თბილისიდან, საგურამოდან და რუსთავიდან საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოვიყვანეთ", - აცხადებს არდი ჯგუფის პრეზიდენტი არმაზ თავაძე.
გრანდიოზული ტორტის დიზაინი, 5 მეტრის სიგრძის ზედაპირზე პატარა ქალაქის საშობაო ზღაპარს წარმოადგენს. კონდიტერების განცხადებით, ტორტში 1400 ცალი კვერცხი, 80 კილოგრამი ფქვილი, 56 კილოგრამი შაქარი, 55 კილოგრამი კრემი, 26 კილოგრამი თეთრი შოკოლადი, 43 კილოგრამი ნაღები, 35 კილოგრამი ჟოლო და 22 კილოგრამი კარაქია გამოყენებული და საქართველში მას ანალოგი არ გააჩნია.
გუდვილის მენეჯმენტის განცხადებით, გრანდიოზული საშობაო ტორტის შექმნის და ახალი რეკორდის დამყარების იდეა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ "არდი ჯგუფთან" ერთად ერთობლივი პროექტი სიამოვნებით განახორციელეს. "
"არდი ჯგუფის" შემოთავაზებას გრანდიოზული საშობაო ტორტის შექმნაზე უყოყმანოდ დავთანხმდით და მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ბავშვებს კიდევ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქოთ", - აცხადებს გუდვილის გენერალური დირექტორი ნუგზარ მაღულარია.
დაგემოვნების შემდეგ ტორტი კიდევ რამდენიმე თანაბარ ნაწილად გაიჭრება და ორივე კომპანიის სახელით იმ ბავშვებს დაეგზავნებათ, რომლებმაც ზღაპრულ ზეიმზე დასწრება ვერ შეძლეს.