თბილისის ზოოპარკის თბილისის ზღვის მახლობლად გადატანასთან დაკავშირებული კონკრეტული თარიღის შესახებ ქალაქის ხელმძღვანელობა ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.
თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე კი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აცხადებს, რომ დაზუსტებული თარიღი არც მისთვისაა ცნობილი. თუმცა, მისი განცხადებით, ზოოპარკის ბინადარნი ახალ ადგილსამყოფელში თანდათანობით გადავლენ.
"ზოოპარკის განახლების პროცესი მიმდინარეობს. ძველი ადგილსამყოფელის შეცვლა ხანგრძლივ დროს მოითხოვს. გასაკეთებელია ვოლიერებიც. პირველ ეტაპზე ცხოველთა ნაწილი დატოვებს ძველ ადგილსამყოფელს, შემდეგ კი მათ ზოოპარკის სხვა ბინადრებიც შეუერთდებიან", _ აღნიშნავს გურიელიძე.
მისი თქმით, ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ზოოპარკის მომავალი ტერიტორია.
თბილისის ზოოპარკის სამეცნიერო დირექტორის, დავით თაქთაქიშვილის ინფორმაციით, მისთვისაც უცნობია, როდის გადაიტანენ თბილისის ზოოპარკს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა იგი მიესალმება ამ სიახლეს.
"ამ საკითხს თბილისის მერია გადაწყვეტს. დღესდღეობით თბილისის ზოოპარკი 100 ჰექტარზეა გადაჭიმული, მაშინ, როცა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, ზოოპარკი 250 ჰექტარზე იქნება განლაგებული", _ აღნიშნა თაქთაქიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, გმირთა მოედანზე ახალი გზის გაყვანის შემდეგ გარემოს ცვლილებები ცხოველებისთვის კარგი არ არის, თუმცა არც საგანგაშოა.
"თბილისის ზოოპარკი 1927 წელს დაარსდა. დღეს არსებული ტერიტორია მაშინ ქალაქის გარეუბნად ითვლებოდა. დღესდღეობით კი ეს ადგილი უკვე ქალაქის ცენტრად გადაიქცა. ამდენად, უმჯობესია, თბილისის ზოოპარკი გარეუბანში გადავიდეს", _ განაცხადა თაქთაქიშვილმა.