თბილისის მერმა, გიგი უგულავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ სამადაშვილმა თბილისში მცხოვრებ სომხებს შობა და ნათლისღება მიულოცეს.
უგულავა და სამადაშვილი ავლაბარში სურფ-ეჩმიაძინის ეკლესიაში შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას დაესწრნენ.
"მინდა ყველას მიულოცო შობის დღესასწაული განსაკუთრებით ჩვენ თანამოქალაქე სომხებს და მინდა ავღნიშნო, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა სწორედ ეფუძნება იმ დიდ და მრავალფეროვან დიასპორას, რომელიც სომხებს საქართველოში ჰყავთ. ეს ხალხი არის ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც სხვა ხალხებთან ერთად ქმნიან დოვლათს და არიან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები", - აღნიშნა უგულავამ.
ამასთან, უგულავას შეფასებით, ორ ხალხს შორის მეგობრობა პრაქტიკულ სივრცეშიც ვლინდება. კერძოდ, კი 2010 წელს ქვეყანას 2 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა, საიდანაც 500 ათასი მოძმე სომხები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ სომხური სამოციქულო ეკლესია დღეს ქრისტეს შობასა და ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღესვე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავალაბარში მდებარე სომხურ ეკლესიას ეწვია და დღესასწაული მიულოცა.