სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას და დევნილებს, დამდეგი შობის დღესასწაული ქართულ და რუსულ ენებზე მიულოცა.
"მინდა მამაშვილური სიყვარულით მივმართო აფხაზეთის მოსახლეობას. გულითადად გილოცავთ შობა-ახალ წელს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენს გულშიც იშვას უფალი. ამისათვის ჩვენ უნდა გავაღოთ კარი ჩვენი გულისა და უფალი შემოვა ჩვენთან და დარჩება ჩვენთან მარადის. მე მინდა გითხრათ, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ისტორიულად იყო აფხაზებსა და ქართველებს შორის, დღეს დარღვეულია და იმედი მაქვს, რომ აღდგება სიყვარული, აღდგება ურთიერთგაგება და ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით. როგორც თქვენ იცით, მე ვიყავი 11 წელი აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. მე მახსენდება ის ბედნიერი წლები და დღეები, როცა ჩვენ სიყვარულით ვხვდებოდით ერთმანეთს და მრავალი აფხაზი მყავს მე ნათლული. მინდა გაგახსენოთ, რომ ჩვენთან შეიქმნა უკვე ტრადიცია, შობის ღამეს ფანჯარაში ვდგამთ ანთებულ სანთელს და ამით ჩვენ ვეპატიჟებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შემოვიდეს ჩვენს სახლებში და შობა მოხდეს ჩვენთან. როგორც თქვენ იცით სახარებიდან - სასტუმრო ვერ ნახეს ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა და ამიტომ შობა მოხდა გამოქვაბულში, სადაც თავს აფარებდა საქონელი, პირუტყვი. მე ქრისტესმიერი სიყვარულით გლოცავთ ყველას. ვლოცავ, აგრეთვე, თქვენთან ერთად დევნილებს აფხაზეთიდან და იმედი მაქვს, რომ ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში. ჩვენ ღვთის მადლით მალე შევხვდებით და აღდგება ის ურთიერთსიყვარული, რომელიც არსებობდა ჩვენს შორის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ თქვენ და მთელი საქართველო", - ბრძანებს პატრიარქი.
ამასთან, ილია მეორემ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლებას ახალი წელი რუსულ ენაზე მიულოცა და აღნიშნა, რომ "გული უნდა ავივსოთ სიყვარულით და არა სიძულვილით".
"მინდა მივმართო აფხაზეთში მცხოვრებლებს. მე გილოცავთ ყველას, როგორც დევნილებს აფხაზეთიდან, ასევე იქ მცხოვრებ მოსახლეობას ახალ წელს და ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენ უნდა გავხსნათ ჩვენი გულები, რომ ღმერთი შემოვიდეს ჩვენში, ჩვენ უნდა გავხსნათ ჩვენი გულები, რომ ჩვენი გულები აივსოს სიყვარულით და არა სიძულვილით. აფხაზები და ქართველები საუკუნეების განმავლობაში ერთად იყვნენ და მხარში ედგნენ ერთმანეთს.
ქართველებსა და აფხაზებს შორის სულიერი კავშირი ქართველი მეფეების ტიტულატურაშიც გამოიხატებოდა. როცა საქართველოს მეფე ამა თუ იმ დოკუმენტზე ხელს აწერდა, ტიტული იწყებოდა ასე - აფხაზეთის მეფე და ასე შემდეგ. ასე რომ, ახლა საქართველოს პატრიარქის ტიტული ასეთი იქნება - სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. ვფიქრობ, რომ ჩვენი სიყვარული, რომელიც იყო ჩვენს შორის, აღდგება და ჩვენ ისევ მშვიდობასა და კეთილდღეობაში ვიცხოვრებთ", - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.
ამასთან, ცალკე ქართულ და რუსულ ენაზე მიულოცა შობა-ახალი წელი ცხინვალის მოსახლეობას და რეგიონიდან დევნილებს.
"მინდა, ასევე დიდი სიყვარულით მივმართო ცხინვალის მოსახლეობას - ოსებს, ქართველებს და სხვე ერების მოსახლეობას. გილოცავთ შობა-ახალ წელს. ინებოს უფალმა, რომ ეს წელიწადი იყოს მშვიდობიანი, უხვი, რომ ჩვენი ურთიერთობა აღდგეს ისევ სიყვარულით. ჩვენი განკურნება შესაძლებელია მხოლოდ სიყვარულით. მინდა ვთქვა, რომ როგორც თქვენ იცით, მე ვარ დაბადებული და გაზრდილი ვლადიკავკაზში. ჩვენი ოჯახის მოძღვარი იყო ოსი - მამა მიხეილ ზაცოევი. მე ძალიან კარგად ვიცნობ ოსებს, ვიცნობ, როგორც ნიჭიერ ხალხს, ერთგულ ადამიანებს და იმედი მაქვს, რომ ის გაუგებრობა, რომელიც იყო ჩვენს შორის, განქარვდება, თქვენ ნიჭიერი ხალხი ბრძანდებით და გესმით ალბათ, თქვენი და ჩვენი გადარჩენა ამ გლობალიზაციის პროცესში მხოლოდ ჩვენს ერთობაშია. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა ინებოს, რომ ლტოლვილები დაბრუნდნენ თავის ოჯახებში და ჩვენს შორის სუფევდეს მშვიდობა და კეთილდღეობა", - ბრძანა უწმინდესმა.
ხოლო რუსულ ენაზე მიმართვაში უწმინდესმა დასძინა, რომ ოსი და ქართველი ერი ყოველთვის ძმურად ცხოვრობდა.
"ჩვენ ისე ვცხოვრობდით, როგორც ძმები. მინდა ვთქვა, რომ ჩამოგვიყალიბდა კარგი ტრადიცია, როცა შობის ღამეს სანთელს ვანთებთ ფანჯარაში, რომ ღვთისმშობელი ჩვენთან მივიპატიჟოთ. ეს უკვე ტრადიციაა საქართველოში და ვფიქრობ, ხვალ საღამოს ავანთებთ სანთელს, ჩვენი ღრმა რწმენისა და იესო ქრისტეს მიმართ სიყვარულის ნიშნად. ღმერთმა დაგლოცოთ", - ბრძანა ილია მეორემ.