ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაინტერესების შემთხვევაში გამოძიებას მასზე განხორციელებულ „მუქარაზე“ შესაბამის მტკიცებულებებს მიაწვდის.
გიგი წერეთლის თქმით, ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრი ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის წინააღმდეგ ასეთ ბრალდებებზე საუბრობს.
„მით უმეტეს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პიროვნება ვიქტორ ორბანის წარმომადგენელია. ეს დამოკიდებულება და ზოგადად ფაქტიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ ხელისუფლების დროულად ცვლილების გარდა, ვერაფერი ვერ გვიშველის“ - თქვა გიგი წერეთელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს, რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით. თუ რომელიმე ქვეყნის მხრიდან იქნება ინტერესი, მზად ვარ, გამოძიებას მივცე შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებები.“