განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე მაია კობახიძე განათლების სისტემაში 2010 წელს დანერგილი რეფორმების შედეგებით კმაყოფილია, თუმცა მინისტრთან რამდენიმე შენიშვნა მაინც აქვს.
"მისასალმებელი იყო უსაფრთხო სკოლის კონცეფციის დანერგვა და ამ მიზნით დაწესებულებებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღება, რადგან მოსწავლეთა მხრიდან დანაშაულის რიცხვი გასულ წლებში მართლაც საგრძნობლად იყო გაზრდილი. დანაშაულის პრევენციის მიზნით, საჯარო სკოლებში მანდატურის შეყვანა აუცილებელი იყო, რასაც პედაგოგებიც, პროფკავშირებიც, ყველა მშობელი და ზოგადად საზოგადოებაც მიესალმებოდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი ფუნქცია უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ დანაშაულის პრევენციის მატარებელი და ის მასწავლებელთა და სკოლის დირექციის უფლებამოსილებას არ უნდა აღემატებოდეს", - განუცხადა კობახიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განათლების სისტემის 2010-2011 წლების რეფორმებზე საუბრისას.
უფრო კონკრეტულად, განათლების პროფკავშირების თავმჯდომარისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ მანდატურებს ნაწილობრივ მოსწავლეთა აღზრდის ფუნქციაც აქვთ დაკისრებული, მათი სახელფასო ანაზღაურება კი პედაგოგისას აღემატება.
"მასწავლებლის და მანდატურის ხელფასი საგრძნობლად განსხვავდება. პედაგოგს გაცილებით ნაკლები ანაზღაურება აქვს, მაშინ, როცა მასწავლებელია სკოლაში წამყვანი ფიგურა. სწორედ მასწავლებლის მხრებზე დგას სკოლა. გარდა ამისა, იმისთვის, რომ დაწყნარდეს საზოგადოება, აუცილებელია ფუნქციების დიფერენცირება მოხდეს: მასწავლებელმა არა მხოლოდ უნდა ასწავლოს, არამედ აღზარდოს თაობა, აღზრდაში კი არ არის აუცილებელი, ვინმე ჩაერიოს. რაც შეეხება დირექციის ფუნქციას: სწორედ დირექციამ უნდა აკონტროლოს გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრება, მათი სკოლიდან გაპარვა და ა.შ.. ეს სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინის დაცვაა. მანდატურის ფუნქცია კი მხოლოდ იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ მოსწავლეებში დანაშაულის პრევენცია უზრუნველყონ. თუ ეს ყველაფერი ერთმანეთს გაემიჯნება და ფუნქციების დიფერენცირება მოხდება, სკოლა უფრო ჰარმონიულად იმუშავებს", - განმარტა განათლების პროფკავშირების თავმჯდომარემ.
რაც შეეხება 2010 წელს დანერგილ კიდევ ერთ რეფორმას - საქართველოში ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანას, კობახიძის შეფასებით, "უცხო ენას უცხოენოვანი მასწავლებელი უკეთესად ასწავლის", თუმცა რადგან ქვეყანაში ჩამოყვანილი პედაგოგების განათლებისა და დიპლომის ხარისხი გასაიდუმლოებულია, შესაბამისი პროგრამის მიმართ საზოგადოების კრიტიკა არსებობს.
"ჩვენ არ ვიცით უცხოენოვანი პედაგოგების განათლება. როცა ქართველ მასწავლებელს აქვს პედაგოგობის 40-წლიანი სტაჟი და ეუბნები, რომ "მასწავლებლობის მაძიებელი" ხარ იქამდე, სანამ სერტიფიცირებას არ გაივლი, ამის პარალელურად კი უცხოეთიდან პედაგოგთა ისეთი ჯგუფი ჩამოგყავს, რომლის არც დიპლომი, არც განათლების ხარისხი იცი, ბუნებრივია, ეს ქართველი მასწავლებლებისთვის გარკვეულწილად შეურაცხმყოფელია და საზოგადოებაშიც განსხვავებული აზრი ჩნდება", - აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანის შემდეგ ინგლისურის ენის ქართველი მასწავლებლები ერთგვარად მხოლოდ თარჯიმნის როლში აღმოჩნდნენ.
"ინგლისური ენის ქართველი მასწავლებლების იმ მხრივ დაჩაგვრა, რომ ისინი გაეთავისუფლებინათ სკოლიდან და იქ ინგლისურენოვან მასწავლებლებს ჩაენაცვლებინათ, არ მომხდარა. ამის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ქართველი პედაგოგები მოსწავლეებსა და უცხოელ კოლეგებს შორის
თარჯიმნების როლში აღმოჩნდნენ", - განმარტა მან.
განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე მოსწავლეთა საატესტატო და პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდების შემოღების ინიციატივასაც ეხმაურება, მას იწონებს, თუმცა შენიშვნა ამ უკანასკნელთან დაკავშირებითაც აქვს.
"ჩემთვის ასევე მისასალმებელია საატესტატო გამოცდები, თუმცა ამ წელს ბავშვებს უნდა გაეწიოთ შეღავათი. რეფორმის პირველი ეტაპის ფარგლებში მათ საბუნებისმეტყველო საგნებში შესაბამისი განათლება არ მიუღიათ. ამიტომაც კარგია, რომ განათლების სამინისტრომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 15 %-მდე შეამცირა.
რაც შეეხება პედაგოგთა სერტიფიცირებას - ყველაზე სწრაფად ინფორმაცია სწორედ მასწავლებლებში, იურისტებსა და მედიცინის მუშაკებში "ბერდება". ამიტომაც, საქართველოს კანონით, მათ ყველაზე ხშირად უნდა გაიარონ სერტიფიცირება. რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ გადამზადების პროცესი არის დასახვეწი. 5-დღიანი ტრენინგის კურსი არ აღმოჩნდა საკმარისი და ეს პედაგოგთა სერთიფიცირების პირველ ეტაპზედაც გამოჩნდა. საჭიროა მეტი. მასწავლებები წლების განმავლობაში არ გადამზადებულან, არადა, რადგან ასეთი საპასუხისმგებლო გამოცდააა ჩასაბარებელი, სახელმწიფომ მათ გადამზადებაზე უნდა იზრუნოს", - განუმარტა კობახიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
საერთო ჯამში, განათლების პროფკავშირები, 2010-2011 წლის რეფორმებსა და მინისტრ დიმიტრი შაშკინის საქმიანობას წარმატებულად აფასებს.