იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, "ქართული ოცნების" წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს მიმართა და უთხრა, რომ მან "დაწერილი ტექსტი კარგად ვერ წაიკითხა".
“თქვენ შესავალში ახსენეთ, რომ დღევანდელი დღე მძიმე არისო. ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ რაც დაწერილი იყო, ალბათ, კარგად არ გქონდათ წაკითხული - სიმართლე გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ ბევრი კუთხით წაკითხვაც გაგიჭირდათ, - მიმართა ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს.
დეპუტატმა გიორგი მსხილაძეს მოუწოდა, დაასახელოს კონკრეტული მუხლი, რომლითაც შეიძლება მედიასაშუალებას, ან არასამთავრობო ორგანიზაციას პრობლემა შეექმნას, ან მისი საქმიანობა შეიზღუდოს.