მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს დღეს ვიღაცეები დავარწმუნო იმაში, თუ ვინაა ჩვენი მტერი და ვინ მეგობარი, ხომ ვიცით ვინ წაგვართვა ტერიტორიები, ვინც იცავს ჩვენ სუვერენიტეტს, ხომ ვიცით, ვინ გვიჭედავს ეკლესიის კარს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დღეს მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს რომ დღეს ვიღაცეები დავარწმუნო იმაში, თუ ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი ჩვენი. ხომ ვიცით ვინ წაგვართვა ტერიტორიები, ვინ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ვინც იცავს ჩვენ სუვერენიტეტს და არაღიარების პოლიტიკას. ხომ ვიცით, ვინ აკრძალა ქართული ენის სწავლა და ვინ აღიარა და დაიცვა ქართული ანბანი. ხომ ვიცით ვინ დაგვინგრია და ვინ აგვიშენა სკოლები, ხომ ვიცით, ვინ გვიჭედავს ეკლესიის კარს და ვინ გვეხმარება ჩვენი ეკლესია მონასტრების აღდგენასა და გადარჩენაში. ხომ ვიცით ვინ დაგვიწუნა და გამოდევნა ქართული ღვინო და ვინ დააფასა და აღიარა საქართველო ღვინის სამშობლოდ, ხომ ვიცით, ვისი დამხარებით გახდა ჩვენი ჯარი თანამედროვე სტანდარტების მქონე, ვისი დახმარებით გაძლიერდა სოფლის მეურნეობა და კიდევ ვინ მოთვლის და რა დათვლის რა დაგვიშავა მტერმა და რა გვიკეთა მეგობარმა. ამიტომ არის, რომ ჩვენ კონსტიტუციაში ასახული საგარეო კურსი, ჩვენი მომავალია, უალტერნატივო მომავალი", - განაცხადა პრეზიდენტმა.