სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღების შედეგად მოსწავლეთა დანაშაულებების ფაქტები თითქმის 80 %-ით შემცირდა.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, 80%-ით შემცირდა ასევე მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები. 75%-ით მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის, 95%-ით მათი მხრიდან ფულის გამოძალვის, 80%-ით მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების, 90%-ით კი საჯარო სკოლებში ვანდალიზმის (სასკოლო ქონების დაზიანების) ფაქტები. გარდა ამისა, მისივე თქმით, პრაქტიკულად მოისპო სკოლებში თამბაქოს მოხმარების ფაქტები.
ამასთან, დიმიტრი შაშკინმა ისიც აღნიშნა, რომ 2011 წლიდან მანდატურები მუდმივ გადამზადბას გაივლიან და ამ პროცესში ფსიქოლოგები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან.
"გარდა სკოლებისა, მანდატურები პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადანაწილდებიან. ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, ისინი კერძო სკოლებშიც შევლენ", - დასძინა განათლების მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მკაცრი ტესტირებისა და ფსიქოლოგიური შემოწმების შემდეგ სკოლის მანდატურებმა მომზადება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიარეს. ამ დროისთვის მანდატურები თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, გორის, ზუგდიდსა და რუსთავისა და ყვარლის საჯარო სკოლებში მოღვაწეობენ. სკოლის მანდატურის სამსახურში ცხრაასამდე სკოლის მანდატურია დასაქმებული.