ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი. ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სტრასბურგის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზიები არ დააკმაყოფილა.
საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (განცხადება №6232/20 და 22394/20) ეხებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების ორ ცალკეულ ჯგუფს. საქმის პირველი ნაწილი ეხებოდა 2005 წელს თავდასხმას პარლამენტის წევრზე, ხოლო მეორე ნაწილი ეხებოდა მის მიერ 2008 წელს შეწყალების მინიჭებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ, რომლებიც მკვლელობისთვის გასამართლდნენ.
„პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში პირველ საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტის (სამართლიანი სასამართლოს უფლება / მოწმეების დასწრებისა და დაკითხვის უფლება) არ დაირღვა. ასევე, არ დარღვეულა სააკაშვილის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების განხილვის პროცედურა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 5 ხმით ორის წინააღმდეგ, არ დაადგინა იმ მოსამართლის მიკერძოებულობა, რომელმაც სისხლის სამართლის მეორე დანაშაული განიხილა (შსს-ის მაღალჩინოსნების შეწყალება).
სასამართლომ ასევე დაუშვებლად ცნო სააკაშვილის საჩივრები კონვენციის მე-18 მუხლის (დაუშვებელია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონვენციით ნებადართული შეზღუდვების გამოყენება არა იმ მიზნებისათვის, რისთვისაც ისინი იქნა გათვალისწინებული) დარღვევა. სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილმა ვერ დაასაბუთა თავისი ბრალდება, რომ მისი დევნის უკან არსებობდა ფარული მოტივი - ხელი შეშლოდა მის მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში. სასამართლომ ამ კუთხით გაითვალისწინა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება იყო სერიოზული და დასაბუთებული“, - წერია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.