შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, კონგრესში გამართული მოსმენისას, გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ "აგენტების" შესახებ კანონს.
ბლინკენის განცხადებით, კანონი ღიად უპირისპირდება ქართველი ხალხის სურვილს ევროინტეგრაციის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება.
"ძალიან შეშფოთებულები ვართ "უცხოეთის აგენტების" კანონით, რომელიც მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, იგი პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ. განვიხილავთ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ ამაზე საპასუხოდ და ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ. ევროკავშირიც განიხილავს რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე, ასე რომ ვიტყოდი, ველი, ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება",- განაცხადა ბლინკენმა.