მოვუწოდებთ მმართველ უმრავლესობას, არ გადალახოს პრეზიდენტის ვეტო და გააუქმოს ეს კანონი, - ამის შესახებ განცხადებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს საკითხებში მომხსენებლები, კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) ავრცელებენ. მომხსენებლები ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანებიან.
„ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა გვთხოვეს ლეგალური არგუმენტების დასახელება იმ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან მიმართებით. ეს არგუმენტები ახლა მათ გადაეცათ ვენეციის კომისიის მიერ ერთსულოვნად გაცემული რეკომენდაციების სახით, რომელიც მოითხოვა ასამბლეის პრეზიდენტმა. შესაბამისად, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და გააუქმოს კანონი, როგორც ეს ნათქვამია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში“, – აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს უკვე აქვს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩო, რომლითაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების რეგულირება. მათი აზრით, ხელისუფლებას შეუძლია, ფოკუსირებული იყოს ამ არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს განმტკიცებაზე.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ასამბლეა 2024 წლის 24 მაისს ვილნიუსში მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე გამართავს მიმდინარე საკითხებზე დებატებს საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ.