ისრაელმა ირლანდიიდან და ნორვეგიიდან ელჩები სასწრაფო კონსულტაციებისთვის გაიწვი,ამათ მიერ პალესტინის დამოუკიდებლ სახელმწიფოდ აღიარების გამო. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა.
კაცის განცხადებით, ისრაელი დღეს ირლანდიასა და ნორვეგიას ძლიერ გზავნილს უგზავნის.
„მე გავეცი ბრძანება, სასწრაფოდ გამოეწვიათ ისრაელის ელჩები ირლანდიასა და ნორვეგიაში კონსულტაციებისთვის, ამ ქვეყნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ.
მე მკაფიო და ცალსახა გზავნილს ვუგზავნი ირლანდიას და ნორვეგიას: ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც ძირს უთხრის მის სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან დასძინა, რომ თუ ესპანეთი განახორციელებს თავის განზრახვას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, მის წინააღმდეგაც ანალოგიური ნაბიჯი გადაიდგმება.
"ირლანდიურ-ნორვეგიული სიგიჟე არ შეგვაჩერებს; მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს: აღვადგინოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, გავანადგუროთ ჰამასი და მძევლები სახლში დავაბრუნოთ. ამაზე სამართლიანი მიზნები არ არსებობს", - თქვა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნორვეგია აღიარებს პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ეს აღიარება ძალაში 28 მაისს შევა.
ამასთან, ირლანდია იუწყება, რომ დღეს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ განაცხადებს. პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს ესპანეთიც.