MEGOBARI Act "ოცნებას" სანქციებს, საქართველო მოსახლეობას კი სიკეთეებს პირდება - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ტვ პირველს განუცხადა.
კუპრაძის თქმით, თავისუფალი არჩევნების ჩატარება იქნება გადამწყვეტი იმისათვის, რომ შტატებიდან საქართველომ ისეთი სიკეთეები მიიღოს, როგორებიცაა ვიზალიბერალიზაცია, ფინანსური და სამხედრო დახმარება.
„შტატებს და ევროკავშირს უნდა თანამშრომლობა იმ ხელისუფლებასთან, რომელიც არ იყენებს შანტაჟის გზებს და რომელიც არ არის რუსული რეჟიმის გაგრძელება. ეს აქტი "ქართულ ოცნებას" ჰპირდება სანქციებს, საქართველო მოსახლეობას ჰპირდება სიკეთეს, ვიზალიბერალიზაციას და კეთილდრეობას. თავისუფალი არჩევნების ჩატარება იქნება გადამწყვეტი ნაწილი და გადამწყვეტი ეტაპი იმისათვის, რომ ეს სიკეთეები - ვიზალიბერალიზაცია შტატებთან, მხარდაჭერა სამხედრო, ფინანსური, სხვადასხვა მიმართულებით, მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ და საზოგადოებამ. თავისუფალი არჩევნების პირობებში აუცილებლად შეიცვლება "ოცნების" ხელისუფლება", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
შეგახსენებთ, გამოცემა POLITICO-ს თანახმად, საქართველო, ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს. კანონპროექტის სახელია MEGOBARI Act, რომელსაც ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონი წარადგენს. ამასთან, კურსის ცვლილების შემთხვევაში განიხილება საქართველოსთვის ვიზელიბერალიზაციის საკითხიც.