პარტნიორობაზე თანახმა ვართ, მაგრამ არა სუვერენიტეტის და გამჭვირვალობის შეზღუდვის ხარჯზე, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა MEGOBARI Act-ზე საუბრისას განაცხადა.
ჩვენ არ ვიცით, ზოგადად, ამერიკის ხელისუფლების მხრიდან ეს საკითხი რამდენად სერიოზულად არის შეთავაზებული. თუ შეერთებულ შტატებს ნამდვილად უნდა პარტნიორობა და მეგობრობა საქართველოსთან, ამაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ღია ვართ. როგორც კი, შეერთებული შტატების მხრიდან იქნება ვირტუალური რეალობის ნაცვლად, რეალობის დანახვის შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ პარტნიორობა და მეგობრობა და ეს საკითხები განვიხილოთ შეერთებულ შტატებთან.
მეტსაც გეტყვით, დაახლოებით ერთი-ორი თვის წინ ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ 30 წელია ამერიკასთან გვაქვს პარტნიორული ურთიერთობები და არც ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, არც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიმართულებით, არც თავისუფალი ფრენებთან დაკავშირებით, არაფერი არ ხდება. პარტნიორობაზე ვართ თანახმა, ამ საკითხების განხილვაზე ვართ თანახმა, მაგრამ არა სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე და არა გამჭვირვალობის შეზღუდვის ხარჯზე"“, - თქვა მაჭარაშვიილმა.
შეგახსენებთ, საქართველო, ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს. კანონპროექტის სახელია MEGOBARI Act, რომელსაც ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონი წარადგენს. ამასთან, კურსის ცვლილების შემთხვევაში განიხილება საქართველოსთვის ვიზელიბერალიზაციის საკითხიც.