თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია დღეს, უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან სტუდენტებზე მომხდარ თავდასხმას სიციალურ ქსელში ეხმიანება.
„საქართველოს ერთადერთი არჩევანი არის ევროპული გზა. ჩემი პირადი ისტორია რუსეთთან დაკაშირებულია რუსეთის ოკუპაციასთან. მე მაშინ სწორედ სტუდენტურ ასაკში ვიყავი, როდესაც საკუთარ სამშობლოში უსახლკაროდ და უსამშობლოდ დავრჩი.
მინდა გამოვხატო ჩემი სიამაყე განსაკუთრებით ჩვენი ფაკულტეტის არაჩვეულებრივი სტუდენტების მიმართ, იმ კრიტიკული, პატრიოტი ადამიანების მიმართ, რომლებიიც არიან ჩვენი სამშობლოს მომავალი. მათი ხედვები და მიდგომები საქართველოს ხვალინდელ დღეზე მაძლევს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება შეძლებს უკეთესი სახელმწიფოს მშენებლობას.
მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, მით უფრო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჩრდილს აყენებს უნივერსიტეტს. ძალადობას არანაირი ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში.
მე ყველა იმ ახალგაზრდის გვერდით ვარ, ვინც საკუთარი ქვეყნის მომავალს პატრიოტიზმით და პასუხისმგებლობით აშენებს“, - წერს ზარანდია.
დღეს დაპირისპირება მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან.
როგორც იუწყებიან, უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე სტუდენტები პროტესტის გამოსახატავად შეიკრიბნენ.
სტუდენტების თქმით, მათ თავს დაესხნენ ახალგაზრდები, რომელთაც ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.