ცოტა ხნის წინ, დაპირისპირება მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან
როგორც იუწყებიან, უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე სტუდენტები პროტესტის გამოსახატავად შეიკრიბნენ.
სტუდენტების თქმით, მათ თავს დაესხნენ ახალგაზრდები, რომელთაც ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
"დღეს დაგეგმილი გვქონდა მშვიდობიანი პროტესტი. უბრალოდ უნდა ვმდგარიყავით. მოვიდნენ, დაიწყეს პროვოკაციები, არ ავყევით და გადავიდნენ ცემაზე. გოგოებსაც მოხვდათ ხელი", - ამბობს ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას ერთ-ერთი სტუდენტი.
ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გოგა მემანიშვილი.
"ვცდილობდით, არ წამოვგებოდით პროვოკაციას, იქიდან მოდიოდა შეურაცხმყოფელი რეპლიკები და ზურგს ვაქცევდით. ბოლოს, როდესაც ვერ შეძლეს პროვოცირება გადმოვიდნენ ფიზიკურ თავდასხმაზე. გოგა მემანიშვილი პირადად ხელმძღვანელობდა ამ პროცესს სწორედ გოგა მემანიშვილმა განაცხადა, რომ თითქოს ჩვენ გადავდიოდით სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. პოლიციამ არა თუ მწვანე შუქი აუნთო ჩვენზე ძალადობას, სინამდვილეში ეს ადამიანები ერთობლივად მოქმედებენ", - ამბობს სტუდენტი ნიკო მანაგაძე.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა კი TV პირველს უთხრა, რომ ის სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტთან პროტესტის გამოსახატავად შეიკრიბნენ, პროვოკატორები არიან.
ახალგაზრდების უმეტესობას, რომლებიც სტუდენტებს თავს დაესხნენ, სახე სამედიცინო ნიღბით ჰქონდა დაფარული.