შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 29 წევრი დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიიდან წერილით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე.
კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მისი გაწვევისკენ მოუწოდებენ.
წერილში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის გაცხადებულ სურვილს, შეუერთდნენ ევროატლანტიკურ საზოგადოებას და 2009 წლის საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებულ ქარტიას.
ამერიკელი კანონმდებლები წერენ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ფუნდამენტურად შეიცვლება.
"გწერთ, რათა გამოვხატოთ სერიოზული შეშფოთება „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მთავრობა, ერთი წლის შემდეგ, კვლავ დააბრუნა განხილვაზე. კანონპროექტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის გაცხადებულ სურვილს, შეუერთდნენ ევროატლანტიკურ საზოგადოებას და 2009 წლის საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას, რომელსაც ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საქართველოში რუსული ძალების შემოჭრიდან რამდენიმე თვეში.
ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას კიდევ ერთხელ, გაიწვიოს ეს დამაზიანებელი კანონპროექტი და გააძლიეროს დემოკრატია და ეკონომიკური თავისუფლება, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, განამტკიცოს კანონის უზენაესობა და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, როგორც ამას ქარტია ითვალისწინებს.
"უცხოეთის აგენტების" კანონის აშკარა პრეტექსტი არის კონტროლის დამყარება იმ პარტნიორებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ ქართველ ხალხთან ერთად, მათი ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. ამ კანონის მიღება საფუძველს გამოაცლის საქართველოს მოქალაქეების ნებას, თავისი მომავალი დასავლეთში ჰქონდეს გარანტირებული.
ჩვენ უარვყოფთ მოსაზრებას, რომ ეს კანონპროექტი ამერიკული კანონმდებლობის მსგავსია. ნაცვლად ამისა, გვსურს თქვენი ყურადღებას მივაპყროთ ამ კანონპროექტის მსგავსებებრ რუსეთში, 2012 წელს ვლადიმირ პუტინის მიერ მიღებულ "უცხოეთის აგენტების" კანონთან, რომელიც ასევე "გამჭვირვალობის" საფარქვეშ იქნა მიღებული. როგორც იცით, რუსეთში ამ კანონის მიღების შემდეგ, იგი პუტინისა და მისი ავაზაკების მიერ გამოყენებულ იქნა ოპოზიციის გასაქრობად და რუსეთის საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმში დასაბრუნებლად. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველ ხალხს სურს და ასევე იმსახურებს, უკეთესი, მეტი დემოკრატიული მომავალი. ამ კანონის მიღება ხელს შეუწყობს რუსული მავნე გავლენების გაფართოებას საქართველოში.
ასევე ღრმად შემაშფოთებელია რიტორიკა, რომელიც ამ კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარეობს. 29 აპრილს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" ამჟამინდელმა საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წამოსთქვა სიტყვა, რომ იგი "დასჯიდა" ოპოზიციას იმ დანაშაულებისთვის, რომელიც, მისი მტკიცებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნისას ჩაიდინეს. ბატონი ივანიშვილის სიტყვებით, შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდნენ, მაშინ როდესაც, ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს საქართველოს სუვერენიტეტს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მათ შორის 16 წლის განმავლობაში იმ დღიდან, რაც 2008 წელს, რუსეთი პირდაპირ შემოიჭრა და დაიპყრო საქართველოს ტერიტორიების ნაწილი. ჩვენ ვგმობთ ბატონი ივანიშვილის ამ შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს.
ჩვენი შეშფოთება კიდევ უფრო გააღრმავა კანონპროექტს ხელახალი ინიცირების გამო მშვიდობიანი მოსახლეობის პროტესტის წინააღმდეგ თქვენმა რეაგირებამ. ჩვენთვის ცნობილია ათეულობით დემონსტრანტის, მათ შორის ამერიკის მოქალაქის შესახებ, რომლებიც ქუჩიდან გაიტაცეს და პოლიციაში სცემეს. გასულ კვირა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც პარლამენტის წევრიცაა, თბილისის ქუჩებში ხელისუფლების სპეციალურმა ძალებმა სცემეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მთავარმა პროპაგანდისტმა და ფაშისტმა იდეოლოგმა ალექსანდრ დუგინმა განაცხადა, რომ "საქართველო სწორ გზაზეა", რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი კანონპროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა. ფაქტი, რომ თქვენი ქმედებები დაგმეს ქვეყნის უახლოესმა პარტნიორებმა და შეაქო ქვეყანამ, რომელსაც თქვენი სუვერენული ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, ცხადჰყოფს იმას, რომ საქართველოს არასწორ გზაზე აყენებთ.
საქართველოში არსებული ვითარება ნათელია. მთავრობას აქვს არჩევანი - მოუსმინოს ქართველი ხალხის ხმას ან გააგრძელოს ბნელი გზა რუსეთის სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენ ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე ვაცხადებთ, რომ ამ უკანასკნელი გზის არჩევა გამოიწვევს შეერთებული შტატების მიერ ჩვენი ურთიერთობის ფუნდამენტურ გადაფასებას.
ისევე როგორც კონგრესმა გაითვალისწინა ბელარუსში ავტორიტარული ქმედებები და 2004 წელს ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო ბელარუსის დემოკრატიის აქტი, მზად ვართ, ვუპასუხოთ თავდასხმებს საქართველოს აყვავებულ და ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც ის იმსახურებს.
მოგიწოდებთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი და სხვა ქმედებები, რომლებიც ხელს უშლის ქართველი ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს. ამის შემდეგ, მოხარული ვიქნებით, გავმართოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად და ასაღორძინებლად.
იმ შემთხვევაში, თუ ამ საზიანო კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ, შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს საქართველოს მიმართ აშშ-ს პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივაში, მათ შორის აშშ-ს ფინანსური დახმარების გადახედვის, სავიზო და ფინანსური სანქციების ჩათვლით იმ ადამიანებზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიულ განვითარების ძირის გამოთხრაზე", - ნათქვამია წერილში.