თქვენ გვაჩვენეთ ცოცხალი ქვეყანა, ახალი ენერგია, შემართება... თქვენი იმედი მაქვს, -ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს ახალგაზრდებს, იმიტომ რომ გვაჩვენეთ ახალი ენერგია, გვაჩვენეთ ახლი შემართება, გვაჩვენეთ როგორი გვინდა ჩვენ რომ ვიყოთ და ისეთები ხართ - პასუხისმგებლები, ენთუზიაზმით აღსავსე, მაგრამ ამავე დროს თავშეკავებული, იცით, თუ რა რთულ გზაზე გავდივართ, ამიტომ მაქვს იმედი, რომ ერთად გავივლით ამ ძალიან რთულ გზას, ერთად და პარტნიორების დახმარებით. იმიტომ, რომ თქვენ და ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი, ვინ რა გააკეთა, რომ აქამდე მოვსულიყავით და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი.
ჩვენს პარტნიორებს ზოგიერთმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს ევროპის დღეს იმ ცარიელი სკამებით, ამის მიუხედავად ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა, ისე, რომ ჩვენ არ დავუშვათ, რომ ვინმემ რამე პროვოკაციაზე წამოგვაგოს, არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმე რამე კონფრონტაციაში შეგვიყვანოს.
როგორც აქამდე მშვიდობიანად, ხალისიანად, იმედიანად დადიოდით ამ გზაზე, ასევე უნდა გაგრძელდეს და მე მინდა მივმართო არა მხოლოდ ახლაგაზრდებს, ახალგაზრდების გვერდით უნდა იყვნენ უფროსები, ისინიც თავშეკავებული, აქ იმის დრო არ არის, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ვინმე გამოიყენოს, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ თავისი თავის წარმოჩენა სცადოს, აქ იმის დროა, რომ გაერთიანებული, ერთად შეკრული საზოგადოება გავიდეს იმ გზაზე, რომელიც უნდა დამთავრდეს მშვიდობიანი, გამარჯვებული არჩევნებით, მე ამ გზაზე თქვენთან ერთად ვიქნები და ვიქნები ბოლომდე, ამ მშვიდობიან გზაზე, იმიტომ, რომ ვიცი გამოცდილებით, რომ სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს თუ არა მშვიდობიანი გზა, თუ არა ის გზა იქნება, რომელიც მტერს გაახარებს. ერთობით, მშვიდობით უნდა გავიაროთ ყველამ ერთად ეს გზა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.