ივანიშვილის მიერ, 29 აპრილს დაანონსებული თვალსაჩინოდ რეპრესიები ამოქმედდა - ასე ეხმაურება სამოქალაქო სექტორი თბილისში, გასულ ღამეს მომხდარ თავდასხმებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების არმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ, საგანგებო ბრიფინგზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
"8 მაისს ღამით ხელისუფლებას ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმის ჩვენება, თუ როგორ ქვეყნად აპირებენ საქართველოს ქცევას. ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა. ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
ოლიგარქებსა და მის მარიონეტებს ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის რუსეთი. ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენს ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურის მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ. ადამიანებზე მიპარვით ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას ან მცირეწლოვანი ბავშვისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასდროს მოიწონებს. ასე იქცევა რუსული რეჟიმი.
ჩვენ სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს. აქტიურ მოქალაქეებზე მიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას აუცილებლად ბოლომდე მივყვებით. მოვითხოვთ და ვუზრუნველყოფთ დამნაშავეთა გამოვლენას.
თავისუფლება ქართველი ხალხის მთავარი ღირებულებაა, ამიტომ ვდგავართ და ვიდგებით საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე რუსული მეთოდებისა და ძალადობისაგან ამ ქვეყნის დასაცავად. ამ ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს. მოძალადეებს კი სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვებათ", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.