აქამდე ჩვენ გვაძევებდნენ პარლამენტის შენობიდან და ახლა თავად გაიძევეს თავი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.
თინა ბოკუჩავას თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია საკუთარი მოქალაქეების, რადგან ხედავენ, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს დათმოს თავისი ევროპული მომავალი.
„ვერ შემდგარი, შეშინებული დიქტატორი ივანიშვილი თავისი მხდალი, მოღალატე დეპუტაციით, რომელიც გუშინ პარლამენტის შენობიდან მორიგ ჯერზე სპეცრაზმმა გააპარა, დღეს საერთოდ ვერ ბედავს პარლამენტის შენობის გახსნას, მათ შორის შეზღუდული გვაქვს შესვლის უფლება დეპუტატებს, ისევე როგორც ჟურნალისტებს. აქამდე ჩვენ გვაძევებდნენ პარლამენტის შენობიდან და ახლა თავად გაიძევეს თავი პარლამენტის შენობიდან, რადგან მათ ეშინიათ ქართველი ხალხის, საკუთარი მოქალაქეების იმიტომ, რომ ხედავენ ქართველი ხალხი არ აპირებს დათმოს თავისი ევროპული, ამ ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული, ევროპული განვითარების შანსი და სწორედ ამის დასაცავად გამოდის ყოველდღე“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
როგორც ცნობილია, პარლამენტის შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე, შემდეგ კი ყვითელი დონე იმოქმედებს. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ პირველ მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად საკანონმდებლო ორგანოს შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა, შესაბამისად დღეს, 2 მაისს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება.