„ივანიშვილი კიდევ ერთხელ დაგვემუქრა ყველას, ვისაც ამ ქვეყნის ევროპული მომავალი გვინდა, თუმცა თვითონ შეშინებული, წინასწარ კინოლოგების მიერ შემოწმებულ სცენაზე, 200 დაცვის წევრის თანხლებით ავიდა და გააკეთა ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიკონსტიტუციური განცხადება, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც წითლიძემ აღნიშნა, ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ მისი არჩევანი არასოდეს ყოფილა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.
„უმრავლესობის წევრების მინდა მოგმართოთ, გუშინდელი ბიძინა ივანიშვილის აღიარების შემდეგ, თქვენ არ გაქვთ უფლება საქართველოს და ევროკავშირის დროშები გედოთ წინ, იმიტომ რომ არაფერი არ არის იმაზე დიდი ფარისევლობა, რაც ის, რომ ახლა ევროკავშირის დროშები გიდევთ წინ. გუშინდელი ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ, სადაც რუსმა ოლიგარქმა პირდაპირ თქვა, რომ მისი მიზანი არასოდეს ყოფილა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და 2012 წელს მოვიდა ერთადერთი დავალებით, რომ საქართველოს მოქალაქეებს დააკარგვინოს ევროპული პერსპექტივა, ვერცერთი თქვენგანი, ვინც ახლა ზის აქ, გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, როდესაც თავისუფალი, ერთიანი და ევროპული საქართველო გაიმარჯვებს, ვერ იტყვის, რომ რამე არ იცოდა და ვერ იტყვის, რომ ახლა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რომელიც ევროპულ მომავალს გვაკარგვინებს, თქვენ არაფერი იცოდით. გუშინ იდექით და ტაშს უკრავდით, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი პასუხისმგებლობაც არის ყველა ის განცხადება, რომელიც გააკეთა გუშინ რუსმა ოლიგარქმა. ივანიშვილი კიდევ ერთხელ დაგვემუქრა ყველას, ვისაც ამ ქვეყნის ევროპული მომავალი გვინდა, თუმცა თვითონ შეშინებული, წინასწარ კინოლოგების მიერ შემოწმებულ სცენაზე 200 დაცვის წევრის თანხლებით ავიდა და გააკეთა ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიკონსტიტუციური განცხადება, პირდაპირ თქვა რომ მისი არჩევანი არასოდეს ყოფილა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.
როდის ჩნდება ბიძინა ივანიშვილი? ბიძინა ივანიშვილი ჩნდება მაშინ, როდესაც ყველაზე ძალიან უჭირს და როდესაც ხვდება, რომ ძალაუფლებას კარგავს. მისი მმართველობის პირობებში, 12 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი ჩნდება მაშინ, როდესაც ეშინია ყველაზე ძალიან და ახლა ეშინია ყველაზე სწორად. არც ერთი სიტყვა ოლიგარქს არ უთქვამს იმ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ემიგრაციაზე და იმაზე, რომ მისი მმართველობის პირობებში 300 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იმაზე, რომ არც ერთი დაპირება მას საქართველოს მოქალაქეებისთვის არ შეუსრულებია, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იმაზე , რომ მისი მმართველობის პირობებში ბავშვებს სკოლებში შიათ და ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ვერ გაიმეტა მათთვის ფული, იმისთვის რომ უფასო კვების პროგრამა განახორციელოს. არც ერთი სიტყვა არ უთქვამს პენსიონერებზე, რომლებიც მედიკამენტებს ვერ ყიდულობენ, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს საბანკო ოლიგარქიაზე, რომელიც ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებს, არც ერთი სიტყვა მომავალზე და იმაზე რომ რაიმე პრობლემას მოუგვარებს ის საქართველოს მოქალაქეებს, არამედ გამოვიდა და ისაუბრა ისევ შეთქმულების თეორიაზე და თქვა ღიად, რომ მისი არჩევანი არის არა ევროპული საქართველო. გუშინ რაც ვიხილეთ, იყო შეშინებული ოლიგარქი, რომელსაც ეშინია საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც დგანან თბილისის ქუჩებში და ძალიან კარგად იცის, რომ გუშინ მის მიერ გამოყვანილი ადამიანები, საჯარო მოხელეები, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შიშით, ძალით გამოიყვანეს და დადგნენ , მათი უმრავლესობაც არ არის ივანიშვილის მხარდამჭერი. გუშინ ივანიშვილი შეეცადა, რომ შეეშინებინა საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ყველაზე შეშინებული არის თვითონ. შეშინებულია, რადგან იცის, რომ არასოდეს ასე ნათელი არ ყოფილა მისი ზრახვები საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, არასოდეს ასე ნათელი არ ყოფილა ბრძოლა თავისუფალ, ერთიან, ევროპულ საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ძალიან კარგად იცის,რომ ზუსტად ისე დაასრულებს, როგორც დაასრულა იანუკოვიჩმა.“- განაცხადა ანა წითლიძემ