ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანთა აქცია პოლიციამ დაშალა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, რომელიც გმირთა მემორიალთან იმყოფება, მოშიმშილეთა აქცია სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დაარბიეს.
"ცოტა ხნის წინ აქ პოლიცია მოვიდა და ვეტერანები ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, რამდენიმე ვეტარანი დააკავეს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, დავინახეთ, რომ ისინი პოლიციელებმა მანქანაში ჩაისვეს. მათ ბედს ამ წუთებში ვარკვევთ", - განუმარტა აბაშიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე შეფასებით, ვეტერანების აქციის დაშლა პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი ბრძანების საფუძველზე მოხდა.
"აქციის დაშლამდე რამდენიმე საათით ადრე აქ სააკაშვილს ჩაუვლია. როგორც ჩანს, არ მოეწოდა ვეტერანების პროტესტი და მათი დარბევის ბრძანება გასცა, რითაც ვეტერანების ისედაც შელახული ღირსება კიდევ უფრო შელახა", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ "ამაგის დაფასების" მოთხოვნით ვეტერანები გმირთა მემორიალთან შიმშილობის აქციას მიმართავდნენ. მათ პროტესტის ამ ფორმას კვირაზე მეტია რაც მიმართეს.