ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, ლვოვში ავსტრალიის თავდაცვის მინისტრ რიჩარდ მარლზსთან შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ამ თანხის ნახევარი გამოიყოფა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დიდ პარტიაზე. 30 მილიონ დოლარზე მეტი დრონისთვის, „დრონის კოალიციის“ ფარგლებში, დანარჩენი კი სხვა სამხედრო საჭიროებებისთვის.
გარდა ამისა, ავსტრალია უკრაინას გადასცემს „ჰაერი-მიწა“ კლასის საბრძოლო მასალას.
შმიჰალმა აღნიშნა, რომ საერთო ჯამში ავსტრალიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უკვე 655 მილიონ დოლარს აჭარბებს, საიდანაც 540 მილიონი არის სამხედრო დახმარება.
ამავდროულად, მარლზმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ივან გავრილიუკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ახალი 100 მილიონი დოლარის პაკეტიდან 50 მილიონი დოლარი მოხმარდება მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, 30 მილიონი უკრაინელი სამხედროებისთვის დრონების შეძენას და კიდევ 15 მილიონი დოლარი აღჭურვილობის, ჩაფხუტების, გასაბერი ნავების, გაზსაწინააღმდეგო ნიღბების და ელექტროგენერატორების შეძენას.
ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ლვოვში დღეს, 27 აპრილს ჩავიდა.
„უკრაინა და მისი ხალხი ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ებრძვის რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას, მაგრამ მათი სული კვლავ ძლიერია.
ავსტრალია იმდენ ხანს იდგება უკრაინის გვერდით, რამდენიც საჭირო იქნება, რათა მან მოიგოს ეს ომი... ჩვენ გვესმის, რომ კონფლიქტი გრძელვადიანი იქნება და ჩვენ მზად ვართ ვიყოთ უკრაინის გვერდით. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს თავისი მომავლისა და მსოფლიოში მშვიდობისთვის“, - განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა.