გარკვევით ვამბობ, კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭი უყარეს, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ პირიქით, იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ევრონიუსს“ განუცხადა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესი გაიყინოს, შარლ მიშელმა თქვა, რომ ნებისმიერ განვითარებას, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, გავლენა ექნება, როგორ შეაფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს.
„გაფართოების პროცესი არის დამსახურებაზე დამყარებული. ეს ყველაფერი დაფუძნებულია იდეაზე, რომ კანდიდატი ქვეყნები – ისინი, ვისაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, პატივს უნდა სცემდნენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს. ისინი მხარს თუ დაუჭერენ კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ პრინციპებს და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.