არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ კოშმარია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი France info-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"მე არ მომწონს, რომ ეს კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ გზას, რომელსაც საქართველო მიყვება დღეს, მას შემდეგ, რაც ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და როდესაც წლის ბოლოს ჩვენ ველოდებით მოლაპარაკებების დაწყებას გაწევრიანებასთან დაკავშირებით, როგორც ეს მოხდა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში.
ჩვენ ევროპის კართან ვართ და ამ დროს ძლიერდება რუსეთის მხრიდან ზეწოლა, რაც გასაკვირი არ არის, ზეწოლა ძლიერდება კანონის მეშვეობით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და დაფინანსების წინააღმდეგ პუტინის კანონის ასლია.
საქართველოს დამოუკიდებლობიდან ევროპული და ამერიკული ორგანიზაციები მხარს უჭერენ ყველაფერს, რაც დემოკრატიასა და ინსტიტუციებს წარმოადგენს ამ ქვეყანაში, მის დემოკრატიზაციას და ეს დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. გუშინ მე პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოური ძალის აგენტი მიწოდა, რადგან მე გამოვაცხადე ჩემი სურვილი დამედო ვეტო ამ კანონზე, მაგრამ მოსახლეობა მედგრად დგას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს უკან დაახევინოს მთავრობას, რომელმაც ეს კანონი ერთ წელიწადში მეორედ შემოიტანა სავარაუდოდ, მოსკოვის მოთხოვნით, მაგრამ ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება. ეს არჩევნები განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს და სწორედ ამიტომ არის ეს მოსახლეობა ასეთი მოტივირებული, ამიტომ არის ყველა ახალგაზრდა ქუჩაში; იციან, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ მათი ევროპული მომავალია. ამ მომავალს საქართველო უფრთხილდება, მისი პერსპექტივაა, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამ გზას მიუყვება და მასზე უარს არ იტყვის...
{არჩევნები} გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ კოშმარია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.