უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გენერალურ პროკურატურასთან და პოლონელ სამართალდამცავ თანამშრომლებთან ერთად გამოავლინა რუსი აგენტი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურებს შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაცია.
აღნიშნულია, რომ პოლონეთის მოქალაქე რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა. როგორც იუწყებიან, მან შეაგროვა უსაფრთხოების მონაცემები ჟესოვ-იასიონკას აეროპორტში და გადასცა რუსეთის სპეცსამსახურებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ეს უნდა დახმარებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში მისი პოლონეთში ყოფნის დროს.
შესაძლო დანაშაულის დაგეგმვის შესახებ უკრაინის პროკურატურამ და უსაფრთხოების სამსახურმა პოლონურ მხარეს აცნობეს და საქმის მტკიცებულებები გადასცეს. ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლისა და წარმატებულად ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობაში ეჭვმიტანილი პირი პოლონეთის ტერიტორიაზე დააკავეს. პროკურატურის ბრალდების საფუძველზე, ვარშავის სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.