მოგმართავთ ხელისუფლებას თხოვნით, ყველაფერი, რაც ევროპულ გზაზე დაბრკოლებას ქმნის, გვერდზე გადადოთ, ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე წერს.
„საუკუნეებია ქართველები ევროპისკენ ისწრაფვიან. ათწლეულებია თაობები, საჯარო, თუ სამოქალაქო პირები შრომობენ დაუღალავად, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კონკრეტული პროცედურები გაიარონ.
ამ ბრძოლას უსისხლოდ არ ჩაუვლია. სწორედ ამ მიზანს და თავისუფლებისთვის ბრძოლას, შვილების კარგ მომავალს შეეწირნენ ჩვენი ოჯახის წევრები.
ამ ყველაფერმა უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს და ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ მიზანს. ევროპული გზა სწორედ ეს გზაა.
მოგმართავთ ხელისუფლებას თხოვნით, რომ ყველაფერი, რაც ამ გზაზე დაბრკოლებას ქმნის, საზოგადოების ერთიანობისთვის საზიანოა, გვერდზე გადადოთ, გადადოთ საბოლოოდ. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობას, რადგან სწორედ მათი დახმარებით დადგა ჩვენი ქვეყანა ფეხზე რამოდენიმე ომისა და უამრავი ზეწოლის შემდეგ, 1989 წლიდან მოყოლებული. თავისუფლების გზაზე სწორედ ევროპა და დასავლეთი ამოგვიდგა მხარში.
სახელმწიფოებრივი მიზნის გატარება შესაძლებელია მეგობართა წყენისა და ახალგაზრდების გაუცხოვების გარეშეც.
გთხოვთ გამოიჩინეთ გონიერება და ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას, მათ შორის თქვენს შრომას ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე.
უმორჩილესად გთხოვთ ნუ გვაჩვენებთ ახალგაზრდებისკენ მიმართულ აგრესიას ნურავის მხრიდან, მითუმეტეს ფიზიკურ ანგარიშსწორებას.ისინი ჩვენი შვილები არიან, ნუ უგულვებელყოფთ მათ თხოვნას. (ვემსახურებით საქართველოს)“, - წერს მაკა ჩიკვილაძე.