საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-თან ინტერვიუში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის პუტინის კანონის ასლია.
„ეს შეშფოთების საგანია, რადგან ის არის ასლი პუტინის კანონისა, რომელიც 2012 წელს მიიღეს და შემდეგ თანდათან გამკაცრდა და განვითარდა. ეს არის კანონი NGO-ების საქმიანობის, მედიის საქმიანობის წინააღმდეგ, ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ევროპული ქვეყნების, აშშ-ისა თუ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, ეკონომიკის განვითარებას ბოლო 30 წელია და მეტი. შეშფოთების საგანია, ამიტომ იყო, რომ კანონი შარშან მასობრივი დემონსტრაციების შედეგად ვერ მიიღეს და ახლა ამ კანონის განმეორება არის პირდაპირი პროვოკაცია ქართული საზოგადოების.
იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს, აქვთ ძალიან მკაცრი წესები დაფინანსების დროს, ამიტომ ეს ყველაფერი ცხადია. არსებობს ვებგვერდები, სადაც ყველას შეუძლია ამ დეტალების ნახვა. რაც არ არის გამჭვირვალე, ესაა კორუფცია მთავრობის მაღალ დონეზე; რაც არ არის გამჭვირვალე ესაა ის, თუ როგორ გადაიდგა ეს ნაბიჯები, განსაკუთრებით ეს გადაწყვეტილება კანონის ხელახლა ინიციირების შესახებ, ვინ გადაწყვიტა, რომ კანონი ხელახლა წარედგინათ? ეს მოხდა საქართველოში, თუ მის საზღვრებს გარეთ? მოსკოვში იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული? ეს არის მთავარი კითხვები გამჭვირვალობის შესახებ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, კანონს ვეტოს დაადებს.
მე კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ისევე როგორც ყველა სხვა კანონის შემთხვევაში ვაკეთებ. რადგან ეს მხოლოდ ერთი არ არის, ეს არის მთელი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ჩემი ვეტო პარლამენტში დაძლეული იქნება, სადაც უმრავლესობას ეს შეუძლია. მაგრამ ჩემი ვეტო ხალხის ხმაა და ამ ხმის გაგონება ხმამაღლა და ნათლად მოხდება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.