საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი არ უნდა იყოს დაკავშირებული რუსულ გავლენასთან და არ უნდა ეწოდოს რუსული, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უცხოური გავლენისგან თავის დაცვა ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომელსაც ბევრი სახელმწიფო იყენებს.
პესკოვმა უპასუხა შეკითხვას, რას ფიქრობს კრემლი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და იმაზე, რომ ოპოზიცია უცხოური აგენტების შესახებ მიმდინარე კანონპროექტს რუსულს უწოდებს.
„ამ კანონპროექტს რუსული არ უნდა ეწოდოს ფაქტია, რომ ბოლოს და ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ალბათ პირველი, ვინც დაიწყო შიდაპოლიტიკური ჰიგიენის მონიტორინგი და ეს FARA მოიფიქრა.
სწორედ მათ დანერგეს ეს პრაქტიკა. მაშასადამე, ეს არანაირად არ არის რუსული, ეს არის ახლა დიდი რაოდენობის სახელმწიფოების ნორმალური პრაქტიკა, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაიცვან თავი გარე გავლენისგან, უცხოური გავლენისგან შიდა პოლიტიკაზე“, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა თქვა, რომ ყველა კანონპროექტი ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება.
„ის, რომ ისინი ცდილობენ გამოიყენონ ეს შიდაპოლიტიკური პროცესი ანტირუსული სენტიმენტების პროვოცირებისთვის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იმპულსები საქართველოს შიგნიდან მოდიოდეს, ეს, სავარაუდოდ, გარედან მოდის, ჩვენ კარგად გვესმის, რა ხდება“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.