კვირას, 14 აპრილის ღამეს, რუსეთმა კვლავ განახორციელა საჰაერო დარტყმები უკრაინის ქალაქ ხარკოვზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ხარკოვის ოლქში ჩამოაგდეს 10 შაჰედ-131/136 კამიკაძე დრონი, რომლებიც რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიიდან იყო გაშვებული.
რუსეთის ჯარებმა დონეცკის რეგიონის ოკუპირებული ნაწილიდან ასევე ისროლეს ოთხი S-300/S-400 საზენიტო რაკეტა.
ხარკოვის ხელისუფლების ცნობით, რუსული არმია მიზნად ისახავდა ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. ხარკოვის რიგ რაიონებში ელექტროენერგიის შეწყვეტა მოხდა.
ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეჰუბოვის თქმით, წინა ღამით სოფელ ვესელოეში, რუსული დარტყმის შედეგად ორი კერძო სახლი დაზიანდა, რის შედეგადაც დაიღუპა 61 წლის ქალი და 68 წლის მამაკაცი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის მოხსენებაში ნათქვამია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა ქვეყნის მასშტაბით ერთი სარაკეტო და 109 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, განხორციელდა 115 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, დაარტყეს როგორც საჯარისო პოზიციებს, ასევე დასახლებულ პუნქტებს.
ჩერნიჰივის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების 110-ზე მეტი დასახლება რუსული საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა.
რუსეთის ჯარებმა ბოლო დღეებში გააძლიერეს ქალაქ ხარკოვისა და რეგიონის დაბომბვა. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი, სადაც ომამდე 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში მდებარეობს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთი მასიური დაბომბვით ცდილობს ხარკოვის მოსახლეობის ევაკუაციას.