დონალდ ტრამპი უკრაინაში ვიზიტს ახლა მიზანშეუწონლად მიიჩნევს, რადგან ის პრეზიდენტი არ არის. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ მისმა საარჩევნო შტაბმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა უკრაინაში ჩასულიყო.
ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ზელენსკის არ ჰქონია ოფიციალური კონტაქტები აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან.
„ზელენსკისგან არანაირი კონტაქტი არ ყოფილა და პრეზიდენტმა ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისთვის შეუსაბამო იქნებოდა ახლა უკრაინაში გამგზავრება, რადგან ის არ არის ქვეყნის მეთაური“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე დროს, Reuters აღნიშნავს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატები ხშირად მართავენ ვიზიტებს საზღვარგარეთ თავიანთი საგარეო პოლიტიკის გასაუმჯობესებლად.
რესპუბლიკური პარტიის ყოფილი კანდიდატები, რომლებიც საპრეზიდენტო რბოლას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ, მათ შორის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი კრის კრისტი, ეწვივნენ უკრაინას. ასევე ტრამპი, 2016 წელს მისი პირველი საპრეზიდენტო კამპანიის დროს მექსიკაში ჩავიდა და შეხვდა ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტს ენრიკე პენია ნიეტოს.
დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებს. The Washington Post-ის ცნობით, ტრამპს სურს აიძულოს უკრაინა ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს. თუმცა გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტრამპის საარჩევნო შტაბმა მას სიცრუე უწოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასრულებისთვის დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“, რომელიც მედიაში გამოქვეყნდა, პრიმიტიული უწოდა.
მან ასევე თქვა, რომ ტრამპი უკრაინაში მიიწვია, „რათა მან საკუთარი თვალით ნახოს ვითარება და გარკვეული დასკვნები გამოიტანოს“.