ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთი, ქართველ ხალხს უნდა ევროპა. ყველამ ნახა გაერთიანებული საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და ახლა რუსული ოცნება ისევ ცდილობს ხალხი დააპირისპიროს, დასტრესოს, არ სურთ, რომ ვიყოთ ერთიანები, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ რუსულ ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ნებისმიერი კანონი, რომელსაც იღებს ხელისუფლება, უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს და ადამიანების კეთილდღეობას
„პარლამენტი და ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს, უნდა გემსახურებოდეთ თქვენ და ნებისმიერი კანონი, რომელსაც იღებს ხელისუფლება, უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს და ადამიანების კეთილდღეობას!
მარტივი შეკითხვა დავსვათ - ამ კანონის მიღების შემდეგ, ვინმეს გაუუმჯობესდება ცხოვრება? თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის პრობლემა მოგვარდება? ანუ ფასების კლება იქნება, სამუშაოები იქნება, ღირსეული ანაზღაურება ექნებათ ადამიანებს, კომუნალურები დაიკლებს, საწვავი გაიაფდება, ჯარიმებს აღარ დაუწერენ ადამიანებს, რა მოხდება ამით როცა ამ კანონს მიიღებენ? არაფერი, გარდა იმისა, რომ ხელს შეგვიშლის ევროკავშირის გზაზე! რატომ გვინდა ევროკავშირი? - იმიტომ რომ გვინდა კეთილდღეობა, გვინდა ჩვენი მოსახლეობა არ გარბოდეს ემიგრაციაში და არ იყოს გაჭირვებული, ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი. ხელისუფლება ივანიშვილის ხელმძღვანელობით აკეთებს ყველაფერს, რომ ადამიანებს ეს კეთილდღეობა არ ჰქონდეთ. შესაბამისად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რაც მოიპოვა ხალხმა ახლა აყენებენ ეჭვქვეშ, რომ ეს კანდიდატის სტატუსი რაც გვაქვს შესაძლოა წაგვართვან, შესაძლოა აღარ მიგვიღონ ევროკავშირში. ეს ხომ ის მოცემულობა და რეალობაა, რომელ რეალობაშიც ივანიშვილი გვაბრუნებს! ეს კანონი ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას, მარტივი რამის გამო - ე.წ. „პატაკი“ , მათ ენაზე რომ ვთქვათ, ჩააბარონ რუსეთს. ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთი, ქართველ ხალხს უნდა ევროპა და უმარტივესი რამ ვთქვათ, გველოდება ევროპის ჩემპიონატი , ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ის რაც მოიპოვეს ჩვენმა ბიჭებმა, ის რაც აღნიშნა ქართველმა ხალხმა ერთად! და რა უნდათ, მათ უნდათ რომ დაგვსტრესონ, არ ვიყოთ ერთიანები, უნდათ რომ ვიყოთ დაპირისპირებულები - ამას ვერ მოესწრება ვერც ივანიშვილი და ვერც ჩვენი ქვეყნის მტრები! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ რუსულ ხელისუფლებაზე!“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.