აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერის გარეშე უკრაინას გაუჭირდება არა მხოლოდ რუსული აგრესიის დამარცხება, არამედ ამ ბრძოლაში გადარჩენა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქველმოქმედო პლატფორმა United24-ის ელჩებთან ონლაინ-შეხვედრაზე განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული საქმეების ერთად გაკეთება.
„და, რა თქმა უნდა, მინდა მოგაწოდოთ გზავნილი და გთხოვოთ დაფიქრდეთ იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად საჯაროდ, შესაძლოა ეს იყოს რამდენიმე ძლიერი მესიჯი, რამდენიმე ძლიერი ნაბიჯი, რათა მივმართოთ კონგრესისა და ამერიკელების ყურადღება უკრაინისკენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე სთხოვა პლატფორმის მონაწილეებს გააგრძელონ უკრაინაზე ორიენტირებული მუშაობა.
„იმ დროს, როდესაც მსოფლიოში სხვა კონფლიქტებს და მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება უკრაინისგან სხვაგან გადააქვთ, მნიშვნელოვანია, რომ United24-ის ელჩებმა გააგრძელონ უკრაინაზე ორიენტირებული მუშაობა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
პლატფორმა United24 2022 წლის მაისში ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შეიქმნა. United24 არის უკრაინისთვის დახმარების მოზიდვის პლატფორმა. თანხა უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშებზე შედის, შემდეგ კი შესაბამის სამინისტროებში იგზავნება. პლატფორმა აგროვებს სახსრებს სამ სფეროში: თავდაცვა და განაღმვა, მედიცინა, დანგრეული დასახლებების აღდგენა.
პლატფორმის ელჩებს შორის არიან მსახიობები, რეჟისორები, ბიზნესმენები, მუსიკოსები, მეცნიერები, სპორტსმენები და ასტრონავტებიც კი. პლატფორმა - United24-ის ელჩი გახდა Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაც.
მათი მხარდაჭერისა და 110 ქვეყნის დონორების ძალისხმევის წყალობით, ამ ხნის განმავლობაში უკრაინის მხარდასაჭერად 625 მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა.