გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას 17 „შაჰედით“ შეუტია, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა მათგანი გაანადგურა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
„ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას, გამოიყენეს შაჰედის ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატი. ყველა თავდასხმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 57 სამხედრო შეტაკება მოხდა.
საერთო ჯამში, მტერმა განახორციელა 10 სარაკეტო და 88 ავიადარტყმა და ზალპური ცეხლის რეაქტიული სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებს 71-ჯერ შეუტია.
საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა 100-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ჩერნიჰივის, სუმის, ხარკივის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნიპროპეტროვსკის, ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებში.