კიევის რეგიონის რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლების მეორე წლისთავზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატივი მიაგო ბუჩის ოკუპაციის დროს დაღუპული უკრაინელების ხსოვნას.
„ამ ომს გლობალური მნიშვნელობა აქვს... ოკუპანტების მიერ მოკლული ჩვენი ხალხის ცხედრები ბუჩის ქუჩებში, იმის მტკიცებულებაა, რომ მსოფლიოში არავინ უნდა გადგეს ამ ომისგან შორს. რადგან, აქ, უკრაინაში, ჩვენი ხალხის, ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი ქვეყნის დაცვისას, იმარჯვებს კაცობრიობა.
სხვების წინააღმდეგ ასეთი აგრესიების დასაწყებად რუსეთმა ჯერ თავის თავში მორალი გაანადგურა და ძალადობა და სიძულვილი თავის იდეოლოგიად აქცია. ასეთი სისტემები უბრალოდ არ ჩერდება. ძალა აჩერებს მათ, ერთიანობა აჩერებს მათ, სიმტკიცე და იმის გააზრება, რისი განადგურება სურთ მათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსული ჯარი ბუჩაში 2022 წლის 27 თებერვალს შევიდა. ოკუპაციის 33 დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ბუჩის რაიონში 9 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს და 1400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათ შორის 37 ბავშვი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი 31 მარტს გაათავისუფლეს.