უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს: ზოგი ამბობს, რომ ის არ დასრულდება ვიდრე პუტინი ხელისუფლებაშია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ უკრაინა უნდა გაძლიერდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-თანინტერვიუში განაცხადა.
"რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი? ზოგი ამბობს, ვიდრე პუტინი ცოცხალია. სხვები კი ამბობენ, რომ ვიდრე ჩვენ არ გავძლიერდებით, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, მსოფლიო მშვიდობის სხვადასხვა ფორმულებს გვთავაზობს და თითქოს ყველამ იცის როგორ დაასრულოს ომი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ე.წ. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ სურს ომის დასრულება.
„მას სურს სიკვდილამდე იყოს ხელისუფლებაში. ეს ადამიანი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ მას, არასდროს დატოვებს კრემლს თავის ფეხით: ან გამოაგდებენ იქიდან, ან გამოიტანენ, როგორც ეს საბჭოთა დროს იყო - ისინი გამოჰქონდათ“,
- დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პუტინი თავისი საზოგადოებისთვის ყიდის არა იმდენად საბჭოთა კავშირის, არამედ რუსეთის იმპერიის დაბრუნების იდეას.
”ანუ მისთვის არ არის მომგებიანი ომის დასრულება ვიდრე არ დაგვიპყრობს. ჩვენი ოკუპაცია არის ჩვენთვის სიცოცხლის წართმევა. ხალხი თავს იცავს და არ უნდა, რომ იყოს რუსეთი, ჩვენ გვინდა ვიყოთ ის, ვინც ვართ - თავისუფალი, დემოკრატიული, დამოუკიდებელი უკრაინელები.
ჩვენ უნდა შეგვეძლოს ბრძოლის ველზე მოქმედების შესაძლებლობა, ამისთვის გვჭირდება ორი რამ: „პეტრიოტის სისტემები“, რომელთა გადმოცემაც შეერთებულ შტატებს შეუძლია. ჩვენ განვბლოკავთ ცას და ჩვენი ბიჭები წინ წავლენ. მეორეც, ჩვენ გვჭირდება პარიტეტი არტილერიაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას იმისათვის, რომ არ დაკარგოს ტერიტორიები და შეინარჩუნოს ფრონტი, სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და საარტილერიო ჭურვები. "პარტნიორები ამბობენ, რომ ჩვენ მივაწოდეთ არტილერია. დიახ. მხოლოდ ჭურვების რაოდენობა არ არის ყველაფერი", - აღნიშნა მან.