დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ 2010 წელი შეაჯამა. მისი თქმით, 2010 წელი დიასპორებს შორის ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანი წელი იყო.
2010 წელს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მოეწყო ბიზნეს-ტური, რომლის ფარგლებში საქართველოში 20-მდე ბიზნესმენი ჩამოვიდა. ნაწილმა ინვესტიციების განხორციელებაზე გადაწყვეტილება მიიღო. დავითაიას თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ საზღვარგარეთ მოქმედ 11 ფოლკლორულ ანსამბლს საცეკვაო ფორმები და მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცა. აღნიშნული პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.
2010 წელს განხორციელდა პროექტი "ისწავლე საქართველოში". ასევე დავითაიას უწყებასა და განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა საკვირაო სკოლების პროგრამა, რომელიც ქართული ენის, ისტორიის, გეოგრაფიის სწავლებას ითვალისწინებს.
როგორც პაპუნა დავითაიამ აღნიშნა, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო სოციალური ქსელის შექმნა, რომელიც ამჟამად სატესტო რეჟიმშია და ექსპლუატაციაში მომავალი წლის 15 ნოემბერს ჩაეშვება. როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს ქსელი ხელს შეუწყობს დიასპორის შესახებ საინფორმაციო ბაზის სრულყოფას, დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერებასა და მუდმივ კონტაქტებს, დიასპორული პოტენციალის გაძლიერებას, საქართველოს პოპულარიზაციას ინტერნეტ სივრცეში.
2010 წელსვე მოხდა დავითაიას უწყებასა და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის იურიდიული დახმარების გაწევას ითვალისწინებს.
"2010 წელი ძალზედ მნიშვნელოვანი. შევქმენით სოციალური ქსელი, ასევე მზადდება ინტერნეტ ტელევიზია. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს დიასპორებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას. შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც სავარაუდოდ 2011 წლიდან ამოქმედდება", - განაცხადა წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე პაპუნა დავითაიამ.