ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ორბელიანების სასახლეში ილია თოფურიას დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებას შეეხებოდა.
„ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი. ჩვენ გვქონდა ამ დღეების განმავლობაში ურთიერთობა ილია თოფურიასთან, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. დანარჩენი ეს ჩვენი საკითხი არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს. ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს.
პრეზიდენტის ადმინსიტრაციამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიესალმება და ეთანხმება პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას ილია თოფურიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. ამასთან, პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება.