ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს თუ როგორ უსამართლოდ ექცევა „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სააკაშვილს, სწორედ ამიტომ უკვე ასობით ათასი ადამიანი ითხოვს მის გათავისუფლებას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების კამპანია დუშეთში გრძელდება.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მომავალ კვირას ხელმოწერების შეგროვება დასრულდებ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეცემა.
„გრძელდება ხელმოწერების კამპანია, უკვე ასობით ათასმა საქართველოს მოქალაქემ ხელი მოაწერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას იმის გათვალისწინებით, რომ ტრადიციულად საქართველოში ყოველთვის ნებისმიერ თემაზე ძალიან ჭირს ხელმოწერების შეგროვება, მაგრამ ხედავთ როგორი უპრეცედენტო აქტივობა და ერთობაა მთელი საქართველოს მასშტაბით. როგორ გაერთიანდა უამრავი, ასობით ათასი ადამიანი მისი გათავისუფლების მოთხოვნის გარშემო და ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი ყველაზე კარგად ხედავს რამხელა უსამართლობა არის მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ყოფნა, რა მდგომარეობაშიც დღეს „ქართულ ოცნებას“ ის ჰყავს. შემდეგი კვირის დასაწყისში უკვე დავასრულებთ, მივიტანთ ხელმოწერებს სალომე ზურაბიშვილთან და სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ნახავს, თუ როგორ ითხოვს ასობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას და მე მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეასრულოს მისი ვალდებულება, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რადგან ის ვალდებულია არ დაამახინჯოს ჩვენი ქვეყნის ისტორია.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.