ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის დაინიცირება ვერ მოხდა, რადგან ამაზე უარი განაცხადეს ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა.
მისივე თქმით, ოპოზიციიდან დელეგაციის შემადგენლობაში არიან გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანი წითლიძე და თამარ კორძაია.
„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ინიციატივა, რომ დაგვეინიცირებინა რეზოლუცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ ერთხელ მხარს დაუჭერდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ რეზოლუციას მხარს უჭერდა მოლდოვის დელეგაცია, თუმცა უკრაინის პოზიციის გამო და ოპოზიციის წევრების გამო, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს აღნიშნულ ტექსტს, შეუძლებელი გახდა აღნიშნულ რეზოლუციაზე მუშაობის გაგრძელება.
საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას არ აქვს რეალური ინტერესი, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს ჰქონდეს მხარდაჭერა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ჰქონდეს მხარდაჭერა. როდესაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ, რაიმე ფორმატი ან რაიმე პლატფორმა იყოს გამოყენებული საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად, მაშინ ისინი მომართული არიან და მზად არიან ყოველთვის, ეს გააკეთონ.
რეზოლუციის პროექტის დაინიცირებას სჭირდება ათი ხელმოწერა. „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში „ქართულ ოცნებას“ ოთხი დეპუტატი ჰყავს. ოპოზიციიდან დელეგაციის შემადგენლობაში არიან გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანი წითლიძე და თამარ კორძაია“, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.