გერმანიის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ უკრაინის დამარცხებას.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის ჯარებს მძიმე პირობებში უწევთ ბრძოლა, მშვიდობიანი მოსახლეობა კი მუდმივად იძულებულია გაუძლოს რუსული რაკეტებისა და ირანული დრონების თავდასხმებს.
ამასთან, ოსტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უარს არ იტყვის უკრაინის მხარდაჭერაზე, რომელიც არ აპირებს დანებებას. "დღეს ჩვენი გზავნილი ნათელია: შეერთებული შტატები არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას. ეს კოალიცია და თავისუფალი სამყარო არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას", - განაცხადა ოსტინმა.
ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა დამატებითი დახმარება უკრაინის უსაფრთხოებისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობით. „ეს არის გადაუდებელი ღონისძიება უკრაინის საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების ყველაზე მწვავე საჭიროებების მხარდასაჭერად“, - თქვა ოსტინმა.