ვეტინგის თემა დახურულია ჩვენთვის. ეს არის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან და არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, შეიძლება ასეთი რამ ვენეციის კომისიის მიდგომის თანახმად, განხორციელდეს უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში, სადაც სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები.
„ე.წ. ვეტინგზე განცხადება გაკეთდა გუშინ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან. რა თქმა უნდა, ვეტინგის თემა დახურულია ჩვენთვის. ეს არის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან და არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან - სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპებთან, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპთან. შეიძლება ასეთი რამ ვენეციის კომისიის მიდგომის თანახმად განხორციელდეს უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში, სადაც სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები. უკრაინის და მოლდოვის საქმე იყო მაგალითად იმის აღიარება, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები და ამას აქვს მყარი საფუძველიც, იმიტომ, რომ მართლა ძალიან სუსტია ინსტიტუტები როგორც უკრაინაში, ასევე მოლდოვაში, მაგრამ საქართველოში თქვენ იცით, რომ 2012 წლის შემდეგ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, მათ შორის სასამართლოს მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებით სასამართლოს მიმართულებით. თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო ქართულ სასამართლოში 2012 წლამდე. ქართული სასამართლო გამოიყენებოდა როგორც რეპრესიული მანქანის ერთერთი მთავარი ინსტრუმენტი. ეს ვითარება შეიცვალა. ეს აისახა სასამართლო სტატისტიკაზე, ეს აისახა სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობის სტატისტიკაზე და ბევრ სხვა ფაქტორზე. აქედან გამომდინარე, ვერავინ ვერ იტყვის, რომ საქართველოში არ არის შემდგარი სახელმწიფო ინსტიტუტები, პირიქით, თუ სადმე არის ძლიერი ინსტიტუტები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში, ეს არის სწორედ საქართველო, მათ შორის, ეს ეხება სასამართლოს“, - განაცხადა პრემიერმა.