2008 წლის ომი იყო სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო აქტი. ჩვენ აუცილებლად გამოვიძიებთ ამ ღალატს და დამნაშავეები პასუხს აგებენ ქართველი ხალხის წინაშე, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის, „ხალხის ძალის“ არჩეულმა თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა დღეს პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე განაცხადა.
„2008 წლის ომი იყო სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო აქტი. ჩვენ აუცილებლად გამოვიძიებთ ამ ღალატს და დამნაშავეები პასუხს აგებენ ქართველი ხალხის წინაშე. თუ არ გვეცოდინება სრული სიმართლე ამ ომის შესახებ, ძნელია ველაპარაკოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს – აფხაზებსა და ოსებს; ძნელია ვილაპარაკოთ ნდობის აღდგენაზე და გადავდგათ რეალური ნაბიჯები ჩვენი უმთავრესი ოცნებისა და საზრუნავის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. საქართველო ვერ გახდება სამართლებრივი სახელმწიფო, თუ არ შევაფასებთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევებს, ადამიანების წამების, მკვლელობისა და საკუთრების წართმევის სისტემურ დანაშაულებს, და ბოლოს, თუ არ შევაფასებთ 2008 წლის ომში ქვეყნის ჩაბმას და ომის ზონაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის მიტოვებას, რასაც ასეულობით ჩვენი მოქალაქის მსხვერპლი მოჰყვა. ეს არის დანაშაული, რასაც სხვა სახელს, გარდა სამშობლოს ღალატისა, ვერ ვუწოდებთ. მხოლოდ აგენტურის გასამართლების შემთხვევაში შევძლებთ, საბოლოოდ დავძლიოთ რადიკალიზმი და ე.წ. პოლარიზაცია და შევქმნათ გრძელვადიანი გარანტია საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისთვის.
სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ყველა თანამზრახველი არ გასამართლდება, მანამდე ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური კეთილდღეობის, დეოკუპაციის და ეროვნული ინტერესების ბოლომდე გატარება ერთიორად გართულდება. ჩვენ დღეს ვიწყებთ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს და ამ ეტაპზე ჩვენი სამშობლოს და ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი თანამზრახველი უცხოური აგენტურის გასამართლება იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და გაიმარჯვებს საქართველო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.