უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირი და „დასავლური სამყარო“ ასევე მოუწოდა აუდიტორიას დაეხმარონ მას „ბრიუსელის ოკუპაციაში“ ამ ზაფხულს ევროპარლამენტის არჩევნებში.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ევროკავშირი იმპერიულ ოკუპანტებს შეადარა და დასავლურ სამყაროს უკულტურობისა და ნგრევის წყარო უწოდა. იუწყება AP.
"ისინი იწყებენ ომებს, ანადგურებენ სამყაროებს, ცვლიან ქვეყნების საზღვრებს და კალიებივით ჭამენ ყველაფერს. ჩვენ, უნგრელები, სხვაგვარად ვცხოვრობთ და გვინდა სხვაგვარად ცხოვრება", - განაცხადა ორბანმა აქციის მონაწილეებისადმი მიმართვისას, რომლებიც სააგენტოს თქმით, ბუდაპეშტში სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით ჩაიყვანეს.
ორბანის თქმით, ევროკავშირში ცვლილებებს უნგერელები განახორციელებენ.
„ბრიუსელი არ არის პირველი იმპერია, რომელსაც თვალი უნგრეთზე უჭირავს. ევროპის ხალხს დღეს ეშინია, რომ ბრიუსელი წაართმევს მათ თავისუფლებას... თუ ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ უნგრეთის თავისუფლება და სუვერენიტეტი, არჩევანი არ გვაქვს: ჩვენ უნდა დავიკავოთ ბრიუსელი. ახლა ჩვენ მსვლელობას გავმართავთ ბრიუსელში და თავად განვახორციელებთ ცვლილებებს ევროკავშირში. ჩვენ 1 100 წლის სახელმწიფო ვართ“, - განაცხადა მან
პრემიერის თქმით, უნგრეთი არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა ევროპელებს ზურგი აქციოს.
„ჩვენ მოგვატყუეს, აჯანყების დროა. დროა, აღვადგინოთ ევროპელი ხალხის თვითშეფასება და სიამაყე. მარტო არ ვართ. არ მოვითმენთ, რომ ფერმერები განადგურდნენ, საშუალო კლასი უგროშოდ დარჩეს, ევროპული კომპანიები გაკოტრდნენ, ჩვენი შვილები საგადასახადო მონები გახდნენ”, - განაცხადა ორბანმა.
როგორც ცნობილია, ივლისიდან უნგრეთი ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობას გადაიბარებს.