ადეიშვილი რომ ბუნდესტაგში, ან საერთოდ ვინმეს მართლმსაჯულების რეფორმაზე ელაპარაკება, ეს არის ცინიზმის მწვერვალი, მეორე მხრივ კი ფარისევლობაა, როდესაც „ქართული ოცნება“ იძახის, რატომ შეხვდითო, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ისინი რა, დაჟინებული მზერით მიხვდებოდნენ, ადეიშვილი რომ ძებნილია, თუ რა? ადამიანი ძებნილი თუ არის, ის უნდა იძებნებოდეს ძებნის გამომცხადებელი ქვეყნის პროკურატურის მოთხოვნით ინტერპოლის მეშვეობით. მით უმეტეს, ადეიშვილისნაირი ადამიანი, რომელმაც წამებაში ამოხადა სული ნახევარ ქვეყანას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უნდა იჯდეს ქართულ საპატიმროში და სასჯელს იხდიდეს, მაგრამ ის 2015 წლის შემდეგ აღარ იძებნება წითელი ცირკულარით. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ რომ ახლა თავს იკატუნებს, ეს არის ფარისევლობა. იქითა სასესიო კვირაში მე ამ საკითხს აუცილებლად დავსვამ, საჯაროდაც ვიტყვი ამ ამბავს და გამოვითხოვ კიდეც“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, ფარისევლობაა ისიც, როდესაც „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს ანტიდასავლური და ანტიუკრაინული რიტორიკისთვის იყენებს.
„ვიქტორ ორბანი ხომ არის ამათი ძმაკაცი? სინამდვილეში, ორბანი არც ამათი ძმაკაცია და არც სააკაშვილის არ იყო, ერთ და მეორე შემთხვევაშიც თავს იკატუნებდა, რადგან დიდი მოხერხებული კაცია, გაიძვერებს რომ ეძახიან, ისეთი. ზურაბ ადეიშვილი ვიქტორ ორბანმა შეიფარა თავიდან და პოლიტიკური თავშესაფარი მისცა უნგრეთმა. ჰკითხონ ახლა თავიანთ მეგობარ ორბანს „ქართული ოცნების“ წევრებმა, რატომ მოხდა ეს ამბავი? როგორც ჩანს, ორბანის თხოვნით, ან მისი ხათრით შემდეგ აიღეს და წითელი ცირკულარიდან ამოიღეს ადეიშვილი, „ქართულ ოცნებაში“ კი ახლა შეიცხადეს, ვითომ არ იცოდნენ და ვაი-ვაიო იძახიან“, – განაცხადა ელისაშვილმა.