დავით არახამიასა და მისი თანამზრახველების დამოკიდებულება ვერასდროს შეარყევს ორი ხალხის ისტორიულ მეგობრობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან ბინძური ტყუილია, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის საშუალებად გამოიყენება.
„არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ერთ მინიმალურ თემასთან დაკავშირებითაც კი დაამტკიცებდა, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. ეს არის ძალიან ბნელი ტყუილი, რაც ორი წლის განმავლობაში დომინირებს საქართველოს საწინააღმდეგოდ. ასევე, არახამიამ მოითხოვა ფრენების შეწყვეტა რუსეთთან. არავინ ეკითხება არახამიას, ფრენებს შეწყვეტს თუ არა საქართველო და რა გადაწყვეტილებას მიიღეს. მან მოითხოვა საქართველოს მოქალაქეებისთვის გართულებული მიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან. ვიცით, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, მან მოითხოვა, რომ ეს ადამიანები ისევე ტანჯვით უნდა დაბრუნდნენ ჩვენ ქვეყანაში ან გაფრინდნენ ჩვენი ქვეყნიდან, როგორც აკეთებდნენ იქამდე“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, დავით არახამიამ მოითხოვა უსასტიკესი სისტემის შემქმნელი, კრიმინალი სააკაშვილის გათავისუფლება.
„მათ გადმოგვცეს, თავისი ხელით გამოუშვეს სააკაშვილი საქართველოში და გვატყუებდნენ, რომ ის იყო ტრუსკავეცში. მათი ინფორმაცია იყო, რომ ის იმყოფებოდა თითქოს სასტუმროს ნომერში. არ მოგვიფიქრებია, არ მოგვლანდებია ეს ამბავი. მათი სპეცოპერაცია იყო, რომ ეს ადამიანი შემოიპარა საქართველოში რევოლუციის მოწყობის მიზნით. ამიტომ, ერთ მოთხოვნა არის ძალიან სპეკულაციური, ძალიან ცუდი და ეხება კრიმინალ სააკაშვილს. მეორე მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეების დაზიანებას, მესამე მოთხოვნა არის ბინძური ტყუილი. ამის იქით კომენტარსაც არ საჭიროებს მისი მოთხოვნები და ულტიმატუმები. არახამიას ასეთ დამოკიდებულება არის იმ არამეგორბული დამოკიდებულების გაგრძელება, რაც არამხოლოდ არამეგობრულობას, არამედ მტრობას ნიშნავს ამ ქვეყნისას“, – განაცხადა მდინარაძემ.
უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.