მიუღებელია, რომ დამნაშავეები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობით ევროპის მასშტაბით და მათ ხვდებიან ბრიუსელსა და ბერლინში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეაგირება იმ ვიზიტზე, რომელიც განხორციელდა როგორც ბრიუსელში, ასევე ბერლინში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია, რომ დამნაშავეები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობით ევროპის მასშტაბით და დამნაშავეებს, ისეთ ადამიანებს, რომლებიც მხილებული არიან უმძიმეს დანაშაულებში, ხვდებიან ბრიუსელსა და ბერლინში. ამაზე რეაგირება აუცილებელი იყო.
შეგახსენებთ, ზურაბ ადეიშვილი არის მსჯავრდებული არაერთი დანაშაულის გამო. გარდა ამისა, მას აქვს დამატებით ორი ბრალი წაყენებული. ეს არის უმძიმესი დანაშაულები, რომლებიც უკავშირდება ბიზნესის რეკეტს, ტელევიზიების მიტაცებას, ადამიანების წამებას, სასტიკ ძალადობას. ეს უმძიმესი დანაშაულებია. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ასეთი ადამიანი არის დელეგაციის შემადგენლობაში ბრიუსელში, ბერლინში. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. ქართულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ისეთი პრინციპებისა და იდეალების ერთგული, როგორებიცაა სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ამ ფაქტზე რეაგირება უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო, იქნება შესაბამისი კომუნიკაცია როგორც ევროკავშირის, ასევე გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა ეს საკითხი სათანადოდ გაირკვეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.